"ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასების ინდექსაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასების ინდექსაციასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ბიზნესპარტნიორთან“ ასოციაციის ხელმძღვანელი ანა საბახტარიშვილი ამბობს, რომ რეალურად დღეს სექტორში სწორედ ეს პრობლემა დგას და ინდუსტრია ეკონომიკის სამინისტროსგან ძალიან სწრაფ რეაგირებას ელოდება.
„აქ საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებების მისადაგებაზე იმ გარემოებებთან, რომელიც პანდემიის დროსაც იყო. ეს არის ფასთა მკვეთრი ზრდა სამშენებლო მასალებზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ ისევ კრიტიკულ სიტუაციაში არ ჩავარდეს სექტორი, რომელიც პანდემიისგან გამოწვეული პრობლემებისგან რეაბილიტირებასაც ვერ ასწრებს, ამისთვის პოლიტიკის განმსაზღვრელის მხრიდან სწრაფი რეაგირებაა საჭირო. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, ჩვენ მას ყველა ეს პრობლემა გავაცანით,“ - აცხადებს საბახტარიშვილი.
რატომ არის დონორი ორგანიზაციების დაფინანსებულ პროექტებში ფასების ინდექსაცია გათვალისწინებული და არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებში, საბახტარიშვილს პასუხი არ აქვს. ის ამბობს, რომ სექტორი სწორედ ამიტომ ითხოვს ინდექსაციის გათვალისწინებას, ეს მიდგომა არ იქნება ქართული ნოუჰაუ, ეს იქნება ქართულ რეალობაზე დამყარებუილი და ქართული სტატისტიკის გამოყენებით გამოანგარიშებული გადახდები.
„ეს არის მიდგომა, რომელსაც დიდი ხანია იყენებს აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი და ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია თავის კონტრაქტებში. შესაბამისად, ეს მიდგომა ბევრი პლიუსით ხასიათდება. პირველი, რაც ორივე მხარეს უნდა, როგორც შემსყიდველს, ისე შემსრულებელს, ეს არის დამატებითი გარანტია იმაზე, რომ პროექტი შესრულდება დათქმულ დროსა და ვადებში დათქმული ხარისხით. ამ შემთხვევაში არ არსებობს დამატებითი რისკი ფასების გაძვირების შედეგად პროექტის შეუსრულებლობის. ეს არის მთავარი ბენეფიტი ორივე მხარისთვის,“ - აცხადენს საბახტარიშვილი.
გარდა ამისა, ასეთ დროს ბიზნესი თავის გადაწყვეტილებებში უფრო თამამია, სახელმწიფოს ბევრად ადექვატურ ფასს სთავაზობს. საბოლოო ჯამში ფასი უფრო სტაბილური ხდება, რაც მიმზიდველია სახელმწიფოსთვისაც და ბიზნესისთვისაც.
„რადგან ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, მარტივია ინტეგრაცია. მთავარია გადაწყვეტილება დროულად მივიღოთ და მცირე დეტალებზე შევთანხმდეთ, რომელიც იმედი მაქვს ძალიან მალე იქნება განხილული. პროცესში აქტიურადაა ჩართული როგორც ბიზნეს ომბუდსმენი, ისე ეკონომიკის მინისტრი. კარგია, რომ შეხვედრა შედგა, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი დაიძრა. იმედია აცნობიერებენ რომ სწრაფ გადაწყვეტილებას ველოდებით, მათი მხრიდანაც საკმაოდ რეალისტური ვადები ითქვა. ფაქტობრივად, ამ კვირაში უკვე ველოდებით რეალური სამუშაო ჯგუფის ფორმატში დეტალების გავლას. იმედია საქმიან რეჟიმში მალე გადავინაცვლებთ,“ - აცხადებს საბახტარიშვილი.
მისივე განცხადებით, ამ მოცემულობაში ფასების ინდექსაცია სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ მშენებლები ფასების ინდექსაციის საკითხის გათვალისწინებას სახელმწიფო ტენდერებში წლებია ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ.