ამოქმედდება თუ არა "მწვანე ბარათები" მოლებში - ბიზნესი კონკრეტიკას ელოდება
„მწვანე პასპორტის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით სავაჭრო მოლების და მსხვილი ბრენდული მაღაზიების წარმომადგენლების ნაწილს კითხვები აქვს. მათთვის ბუნდოვანია ის განცხადება, რაც ცოტა ხნის წინ სააკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა.
კერძო სექტორის ნაწილი იმედს იტოვებს, რომ მთავრობის დადგენილებაში უფრო დეტალურად იქნება განმარტებული „მწვანე ბარათების“ ამოქმედება გავრცელდება თუ არა სავაჭრო ცენტრებზეც.
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი, რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა.
„პრემიერს არაფერი უთქვამს სავაჭრო ცენტრებზე. ის, რომ „მწვანე ბარათები“ არ იმოქმედებს ტრანსპორტსა და სასურსათო მაღაზიებზე ცოტა უცნაურია, რადგან მოლების უმეტესობაში არის სუპერმარკეტი, იქ როგორ აპირებენ ამის განცალკევებას და კონტროლს, რომ სუპერმარკეტის მომხმარებელი არ გადავიდეს გასართობ სივრცეში? გარდა ამისა, მხოლოდ ვიზიტორებზე რომ ვრცელდება და ვინც იქ დახვდება მათზე არა, რამდენად ეთიკურია, რომ ვიზიტორი უსაფრთხო იყოს და დამხვედრი - არა. უნდა დაველოდოთ დადგენილებას, შეიძლება იქ უფრო მეტი კონკრეტიკა იყოს,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
„სითი მოლის“ დირექტორი, ლევან მესხელისთვის უცნობია იმოქმედებს თუ არა “მწვანე ბარათის“ ვალდებულება სავაჭრო ცენტრებში. „კომუნიკაცია მთავრობასთან ამ თემაზე არ გვქონია, არც ის ვიცი ზუსტად ვის ეხება და თუ ეს ჩვენზე ვრცელდება, როგორ უნდა მოვახდინოთ ამის ადმინისტრირება. ჩვენთან ძალიან დიდი ნაკადია და ეს როგორ უნდა გაკონტროლოდეს არ ვიცით, ალბათ გვეტყვიან,“ - აცხადებს მესხელი.
ამოქმედდება თუ არა სავაჭრო ცენტრებში „მწვანე ბარათები“ საქმის კურსში არ არის „გლდანი მოლის“ ხელმძღვანელი დავით ზიბზიბაძეც. მისი განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მთავრობასთან კომუნიკაცია არ ყოფილა, შესაბამისად, საკითხი ბუნდოვანია. „ჯერ ბოლომდე გარკვეული არ ვართ,“ - აღნიშავს ზიბზიბაძე.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კვების მაღაზიებსა და ისეთ სერვისებზე, რაც არის ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნა და რომლის გარეშეც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს, ასეთ ადგილებზე "მწვავე საშვის" სისტემა არ ამოქმედდება".