რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის წასახალისებლად
1-ელი დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე ბარათები" ამოქმედდება.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის" კონცეფციის მოქმედების არეალის გაფართოებასა და ვაქცინაციის წამახალისებელ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.
დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
ამასთან, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის" კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები.
უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭო მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.