ამერიკიდან ამანათების გამოგზავნას COVID-19 ვერ აფერხებს
ამერიკიდან ამანათები შეუფერხებლად იგზავნება. USA2GEORGIA-ში ბიზნესპარტნიორთან აცხადებენ, რომ კომპანია სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას და კორონავირუსის გამო ამანათებზე მოთხოვნა ჯერ-ჯერობით არ შემცირებულა.
ფილიალები მომხმარებლებს სტანდარტული გრაფიკით ემსახურება. ამასთან, კომპანიამ ტრანსპორტირების ღირებულების კილოგრამზე 3 დოლარით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
„ამანათები, რომლებიც 3 აპრილის ჩათვლით ამერიკის საწყობში მივა, ახალი ტარიფით დაანგარიშდება. საფასური ერთ კილოგრამზე 8 დოლარის ნაცვლად, 5 დოლარით განისაზღვრება“ -აღნიშნავენ USA2GEORGIA-ში.
რაც შეეხება განბაჟების ტარიფს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ლარის კურსის გაუფასურება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ ფონზე კი საფოსტო გზავნილებზე შეზღუდვების შემცირება მნიშვნელოვანია.
„საფოსტო დარგის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული. შესაბამისად, საფოსტო სისტემა ქვეყნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულია. მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული საზღვრებს გარეთ – ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების წარმოებული პროდუქციის შესყიდვებში. მოტივი დაბალი ფასია, რაც დაბალი მსყიდველობითუნარიანი მოსახლეობისთვისაც მისაღებია. ამიტომ, მივესალმებით, ხელისუფლების მხრიდან საფოსტო სივრცეში შეზღუდვების შემცირებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საფოსტო დარგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მონეტარულ პოლიტიკაზე. ვფიქრობთ, დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობა კურსის ცვლილების დინამიკასთან ერთად უნდა შეცვლილიყო,“-აცხადებენ USA2GEORGIA-ში.