ბიზნესი
17/01/2023
ამბროლაურში ამფითეატრი აშენდება
ამბროლაურში ამფითეატრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაცია ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
როგორც ენუქიძე აცხადებს, მშენებლობის პროექტირება უკვე დასრულდა და ამჟამად, პროექტის განხორციელების მიზნით მიმდინარეობს ფინანსური რესურსის მოძიება, რომლის შემდგომაც გურგენიძის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. ,,ქვაბტკრის“ ტერიტორიაზე ამფითეატრის მშენებლობა დაიგეგმება, რომელიც მომავალში რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი გახდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგამოფენო დარბაზის, სცენის, საპარკინგე სივრცისა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ამფითეატრი ყოველწლიურად უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებს, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდას და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.