Altersocks: მიგრაციის გამო შემცირებულია მომხმარებლების რაოდენობა და მათი მსყიდველუნარიანობა
წინდების მწარმოებელი ქართულ კომპანია Altersocks-ი "ბიზნესპარტნიორთან" 2022 წელს აჯამებს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი აცხადებს, 2022 წელი გასულ წელთან და განსაკუთრებით 2020 წელთან შედარებით უკეთესი იყო.
"ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო ის, რომ გავედით იტალიის ბაზარზე, კერძოდ სიცილიაში, სადაც ჩვენი ყველაზე მასშტაბური ექსპორტი განვახორციელეთ და რამდენიმე ათეული ათასი წყვილი წინდა გავგზავნეთ. სიცილიაში პროდუქციის საკმაოდ დიდ რაოდენობას ვგზავნით ყოველთვიურად, ახლა ვემზადებით შემდეგი სეზონისთვის. იქედან გამომდინარე, რომ კონტრაქტი ნოემბერში გავაფორმეთ, ფასი გვქონდა ევროში დაფიქსირებული და შემდეგ ლარი რომ გამყარდა ჩვენი მოგება თითქმის "შეჭამა". ამიტომ, მომავალი წლისთვის მოგვიწევს ფასის ოდნავ კორექტირება.
საქართველოში მაინც რაღაცა გამოწვევებთან გვიწევს გამკლავება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო კადრების დეფიციტი, იმდენად რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებებიც არ გვქონია. თუმცა რაღაცნაირად ეს პრობლემაც მოვაგვარეთ. მეორე მთავარი გამოწვევაა ინფლაცია და ფასების ზრდა თითქმის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც თვითღირებულებაზე მოქმედებს. მთლიანობაში გაყიდვები შედარებით ნორმალური იყო, 2019 წლის ნიშნულს ჯერ ვერ დავუბრუინდით, თუმცა იმედია რომ 1-2 წელში ამასაც მოვახერხებთ."- ამბობს რეზი ბესელაშვილი.
მისივე თქმით, მთლიანობაში მაინც არასტაბილური სიტუაციაა. მიგრაციის გამო შემცირებულია მომხმარებლების რაოდენობა და მათი მსყიდველუნარიანობაც.
"დიდი იმედი მაქვს მომავალი წლიდან დასტაბილურდება სიტუაცია, რადგან გვაქვს რაღაც იდეები, გეგმები, რომლის განხორციელებისგანაც თავს ვიკავებთ."-აღნიშნავს Altersocks-ის თანადამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ Altersocks-ი ქართული სტარტაპია, რომელიც ქართულ ბაზარზე 7 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს. ამ ეტაპზე Altersocks-ი 6 სტენდითაა წარმოდგენილი. ასევე, კომპანია ბათუმში ფლობს 1 ბრენდულ მაღაზიას.