ბიზნესი
05/12/2020

ახალი წლიდან, საქართველოში, საკონდიტრო პროდუქცია ძვირდება

ახალი წლიდან, საქართველოში, საკონდიტრო პროდუქცია ძვირდება. ამის მთავარ მიზეზად, საკონდიტრო ბიზნესი, გაზის კომერციული ტარიფის 24 თეთრით გაზრდას ასახელებს. ახალი ტარიფი 3 იანვრიდან ამოქმედდება. ,,ბიზნესპარტნიორი" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საკონდიტრო საწარმოს - ,,ტკბილ ქვეყანას" ესაუბრა.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საფასო პოლიტიკის გადახედვა უკვე დაიწყეს და ახალი წლიდან, მათი პროდუქცია ქსელში, გაძვირებული ფასებით გაიყიდება.

,,ჩვენი საწარმოს ინვენტარის 70 %-ი გაზზე მუშაობს.შესაბამისად,ენერგორესურსებზე ხარჯები გაგვეზრდება. თუმცა, პრობლემები კომპლექსურია. გაზის ტარიფის გარდა ჩვენთვის ასევე სერიოზული გამოწვევაა ლარის გაცვლითი კურსი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის 80 % -ი იმპორტირებულია და უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ, ლარის გაუფასურების გამო ნედლეული გზაშივე გვიძვირდება. მოგეხსენებათ 1.5 - 2 თვე სჭირდება ნედლეულის საქართველოში შემოტანას. ამას ფქვილის გაძვირებაც დაემატა.პრობლემაა ის, რომ საკონდიტროების ფქვილი სუბსიდირებული არ იქნება მსხვილი პურის ქარხნებისგან განსხვავებით.

პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გაგვეზარდა ტრანსპორტირების ხარჯიც, რაც თვეში 10 000 ლარს აღწევს. გაძვირდა შესაფუთი მასალებიც. თუმცა, მთავარ გამოწვევად გაზის ტარიფის გაძვირება და ლარის გაცვლითი კურსი რჩება. ამ ყველაფერმა ჯამში კომპანია იძულებული გახადა საფასო პოლიტიკისთვის გადაეხედა. 

საკონდიტრო კომპანია ,,ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ახალი წლიდან პროდუქციაზე ფასები 5%-ით გაიზრდება. პირობითად, ერთ კილოგრამ ნაწარმზე ფასის მატება 20 თეთრიდან 70 თეთრამდე იქნება" - განაცხადა ,,ტკბილი ქვეყნის" გაყიდვების მენეჯერმა კახა ყრუაშვილმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 3 იანვრიდან, კომერციული გაზის ღირებულება ,,თბილისი ენერჯის" მომხმარებლებისთვის 1 ლარი და 10 თეთრი იქნება. დღეს მოქმედი ტარიფი 86 თეთრია. ბუნებრივი გაზის საფასური არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.

Businesspartner