ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე - Geely Auto საქართველოში შემოვიდა
- ინოვაციური საავტომობილო ბრენდის ოფიციალურმა ლიდერმა Tegeta Cars-მა საწყის ეტაპზე ბრენდის ყველაზე ცნობილი მოდელი - Geely Coolray წარადგინა
- Geely Coolray-ს შესაძლებლობები პირველად მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს
Tegeta Cars-მა ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto წარადგინა. პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის სასტუმრო Moxy-ში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, Geely Auto-ს გამორჩეული მოდელი - Geely Coolray პირველებს შეეფასებინათ.
ქართულ ბაზარზე ახლად შემოსული ავტომობილი პრეზენტაციის სტუმრებს „Geely Sakartvelo“-ს დირექტორმა გაგა კოხრეიძემ და კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი შაქარაშვილმა წარუდგინეს. მათ ღონისძიების სტუმრებს დეტალურად გააცნეს ბრენდის ისტორია, Geely Coolray-ს მახასიათებლები, შესაძლებლობები და ინოვაციურ-ტექნიკური უპირატესობები. საღამოს დასასრულს ღონისძიების მხარდამჭერმა სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ პრეზენტაციის სტუმრებისთვის ავტომანქანის მოსავლელი კომპლექტი: ავტობოქსები გაათამაშა.
გიორგი შაქარაშვილი,- Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს ქართველ მომხმარებლებს სრულიად ახალი, ინოვაციური ბრენდი წარვუდგინოთ. Geely Auto არის გიგანტი ავტომწარმოებელი, რომელიც აწარმოებს ავტომობილებს სხვადასხვა კატეგორიაში, როგორებიცაა სედანი, ჰეჩბეკი, საშუალო და დიდი ზომის SUV-ები.
Geely-ს მარკის ავტომობილები გამოირჩევა აწყობის ხარისხით, ხელმისაწვდომობითა და გამოხატული ხასიათით, რომელსაც ავტომობილის საჭესთან პირველი შეხებისთანავე შეიგრძნობს მომხმარებელი. მოხარულები ვართ, რომ უკვე ქართველ მომხმარებლებსაც აქვთ საშუალება, მიიღონ Geely Coolray-ს მართვის გამოცდილება და აღმოაჩინონ ავტომობილის შთამბეჭდავი შესაძლებლობები“.
Geely Holding ჩინური მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის. Geely Auto-ს ბრენდის ქვეშ 8 ავტომობილია გაერთიანებული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია Geely Coolray. ბრენდის ავტომობილები გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.
Geely Coolray, რომელიც ბრენდის პირველი ავტომობილია ქართულ ბაზარზე, მძღოლის დამხმარე სისტემებითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას 1.5 მოცულობის, 172 ცხენის ძალის ოთხცილინდრიანი ძრავა და 190 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ავტომობილი გამოირჩევა კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით: ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზ კონტროლი, პანორამული სახურავი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და სხვა.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Holding Group“ 1986 წელს დაარსდა, ხოლო საავტომობილო ინდუსტრიაში მან 1997 წლიდან შეაბიჯა. მას შემდეგ კომპანიის ისტორიაში არაერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი შეგვიძლია გამოვყოთ. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ბრენდის მიერ Volvo Cars-ის შეძენა, რამაც ბევრი რამ შეცვალა ავტოინდუსტრიაში. გარდა Volvo Cars -ისა, Geely Group აერთიანებს ისეთ ავტომწარმოებლებს, როგორებიცაა Smart, Polestar, Lynk & Co, Zeekr, Lotus და ა.შ.“
Geely Auto-ს ქართველი მომხმარებლებისთვის ოფიციალურ წარდგენამდე, სოციალურ ქსელში ბრენდის თიზინგ კამპანია გავრცელდა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პიქსელური ვიზუალები, რომლებზეც ავტომობილის ბრენდირება დაფარული იყო და მომხმარებელს, ქალაქში განსაკუთრებული სიახლის მოლოდინს უქმნიდა. ბანერები სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმებმა სოციალურ ქსელში განათავსეს.
Geely Auto-ს მთავარი მახასიათებლები ინდუსტრიაში უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც უპირველესად წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.
კომპანიის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ 2020 წელთან შედარებით ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 8,1%-ით შეამცირა, ახალ ენერგიაზე მომუშავე მოდელების გაყიდვებში კი წლიური 300%-იანი ზრდა აჩვენა. 2022 წელს Geely-ს 9 სატრანსპორტო ქარხანას ეკომეგობრული საწარმოების სტატუსი - "National Green Factory" მიენიჭა.
ამავე ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს თითოეულ ავტომობილზე 25%-ზე მეტით შეამცირებს, ხოლო 2045 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება.
Tegeta Cars გეგმავს, რომ Geely Coolray-ს შემდეგ, ბრენდის სხვა ავტომობილებთან ერთად, Geely-ის ელექტრომობილებიც შემოიტანოს ქართულ ბაზარზე.