ბიზნესი
06/11/2020

Aircar-ს მოხმარება გაუნახევრდა

კორონაკრიზისის გამო Aircar-ს მოხმარება საშუალოდ 50%-ით შეუმცირდა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე შეფერხდა განვითარების გეგმებიც.

წელს კომპანია ახალი ქალაქების ათვისებას და ავტოპარკის გაფართოებას აღარ გეგმავს, მუშაობა დროებით შეჩერებულია სერვისის საზღვრებს გარეთ გატანაზეც.

Aircar-ის დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ახალ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის დაწყება მხოლოდ ვითარების დასტაბილურების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"კომპანია სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, პანდემიის გამო ამ ეტაპზე გაჩერებულები ვართ. სიტუაციის გამოსწორებისთანავე ვგეგმავთ ჩვენი სერვისის გაშვებას როგორც ქუთაისში, ასევე ყველა დიდ ქალაქში. ჩვენც ისევე ველოდებით მდგომარეობის გამოსწორებას როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესი, რომლის განვითარებაც დაკავშირებულია ტურიზმის განვითარებასთან", - განმარტავს გიორგი ხუროძე.

Aircar-ი ბაზარზე 2019 წლის აპრილში გამოჩნდა და მომხმარებელს მანქანების გაზიარების სერვისს სთავაზობს. ამ ეტაპზე კომპანიას 150 ელექტრომობილი ჰყავს და თბილისა და ბათუმში ოპერირებს.