აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ₾44 მლნ-ის ზარალია ანაზღაურებული
შვიდ წელში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 44 მლნ ლარის ზარალია ანაზღაურებული. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 9 მლნ ლარია.
როგორც აგროდაზღვევის პროექტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს წელს კიდევ ერთი ახალი კომპანია, „პრაიმი“ შეემატა.
„წელს კიდევ ერთი ახალი სადაზღვევო კომპანია შემოგვიერთდა და ბენეფიციარს აგროდაზღვევის შეძენა უკვე 8 სადაზღვევო კომპანიაში შეუძლია. პროგრამაში მონაწილეობა ფერმერისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათია. მაგალითად, ვაშლის შემთხვევაში როდესაც პოლისის ღირებულება ერთ ჰექტაზე შეადგენს 2 000 ლარს, 600 ლარს ბენეფიციარი იხდის, დანარჩენს კი სახელმწიფო ფარავს.
სახელმწიფო ყველა კულტურის შემთხვევაში 70%-იან თანადაფინანსებაში შედის, მხოლოდ ვაზის შემთხვევაში პოლისის თანადაფინანსება შეადგენს 50%-ს.
ამასთან, როგორც იცით, შარშან დამტკიცდა აგროდაზღვევის სამწლიანი პროგრამა, სადაზღვევო კომპანიებისთვის მათთვის სტაბილურობისთვის ეს გრძელვადიანი ხედვა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.
მისივე განმარტებით, 2020 წელს დაზღვეული ფართობების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. პროგრამის განხორციელებისთვის 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 400 ლარამდე გადაირიცხა.
„აგროდაზღვევის კუთხით, ყველაზე აქტიური რეგიონებია კახეთი და შიდა ქართლი, თუმცა ბოლო პერიოდში აქტივობა სხვა რეგიონებშიც იზრდება. შარშან აგროდაზღვევით 9 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა,“ - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან ხორციელდება.