ბიზნესი
14/12/2022

ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაცია წესდება.

რეგულაციის მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, საქართველოში წარმოებული და სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის სპირტიანი სასმელის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება.

ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს შევიდა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ალკოჰოლიანი სასმელის კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას.

ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტი, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს.