ბიზნესი
03/04/2021

"აჭარა ტექსტილმა" პირბადეების წარმოება შეწყვიტა

პირბადეებს, რომელსაც “აჭარა ტექსტილი“ კერავდა  არსებულ სიტუაციაში სწრაფი და კარგი გამოსავალი იყო, თუმცა კომპანია წარმოების გაგრძელების საჭიროებას ვეღარ ხედავს, - ამის შესახებ, „ბიზნესპარტნიორს“ საწარმოს დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა.

“იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პირბადეები ვირუსისგან იცავდა ადამიანს, ეს იყო ე.წ. სახელდახლოდ შეკერილი და არა სამედიცინო პირბადე. უკვე არსებობს დანადგარები, რომლის საშუალებითაც კომპანიები სამედიცინო პირბადეს აწარმოებენ და ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ჩვენი წარმოებული.

„აჭარა ტექსტილის“ მიმართულება არ არის პირბადები და მომავალში ამ მხრივ წარმოების გაგრძელება არ იგეგმება, უბრალოდ სახელმწიფოს რთულ პანდემიურ სიტუაციაში დავეხმარეთ,“ – აღნიშნავს ლომინაძე.  

შეგახსენებთ, რომ „აჭარა ტექსტილმა“ ქართული პირადეების წარმოება კორონავირუსის პანდემიის გამო, 1 წლის წინ დაიწყო.

კომპანია საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული. საწარმო წლიურად დაახლოებით 10 მლნ ერთეულ პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის სამკერვალო ქარხნები ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და რუსთავში მდებარეობს, სადაც ჯამში დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი.