ბიზნესი
18/07/2020

აჭარა ჯგუფმა ფონდში 1ანობა ₾30 000-ის კონტრიბუცია გააკეთა

აჭარა ჯგუფმა ფონდში 1ანობა უკვე 30,000 ლარის კონტრიბუცია გააკეთა. თანხის უმრავლესობა კომპანიის ინიციატივებისა და საქველმოქმედო აქტივობების შედეგად შეგროვდა.

კომპანიის ცნობით, შემოწირულობის გარკვეული ნაწილი აჭარა ჯგუფმა Glovo-სა და Wolt-თან თანამშრომლობით დააგროვა. ფონდში ასევე ირიცხება კომპანიის ონლაინ პლატფორმაზე #TOGETHER გაყიდული ვაუჩერებიდან შემოსული თანხის ნაწილი.

ამავდროულად რუსთავი-2-ის, აჭარაბეთისა და აჭარა ჯგუფის ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებშიც კომპანიამ დონაციების კიდევ უფრო გაზრდა შეძლო.

მარტიდან ივლისამდე შეგროვებული 30 000 ლარით პანდემიის შედეგადად დაზარალებულ 1000-ზე მეტ ოჯახს უკვე გაეწია დახმარება მედიკამენტებით, საკვებით თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. ფონდი ასევე გრძელვადიანად დაეხმარება რამდენიმე მძიმე ვითარებაში მყოფ ოჯახს, რომლებსაც ოჯახის წევრის დაღუპვის ან ავადმყოფობის შედეგად პრობლემები შეექმნათ.

ფონდი 1ანობა 2020 წლის მარტში დაარსდა აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ვალერი ჩეხერიას, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძისა და ბიზნეს აქსელერატორ სპარკის მენეჯერის, სანდრო კანდელაკის მიერ. გაერთიანებული ძალების ეს პლატფორმა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები იმ მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, რომლებსაც განსაკუთრებით გაუჭირდათ პანდემიის დროს.

ფონდის ვებსაიტზე უკვე 2,000 მოხალისე და 7,000 დახმარების მსურველია დარეგისტრირებული. ინიციატივის მხარდამჭერი ადამიანებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კონტრიბუციების შედეგად კი 1ანობის გუნდი უკვე 6,000-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა საქართველოს მასშტაბით.

Businesspartner