აა პლასტი: პოლიეთილენის პარკების წარმოების ახალი რეგულაცია ბევრი საწარმოს დახურვას გამოიწვევს
ბიოდეგრადირებადი პარკების შესახებ კანონში ცვლილებები ბევრ მცირე მეწარმეს დახურვის საფრთხის წინაშე დააყენებს, რაც სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს, - ასე აფასებს ბიზნესის ნაწილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებას დიდი ზომის პოლიეთილენის პარკების აკრძალვის და ბიოდეგრადირებადით ჩანაცვლების შესახებ.
„არიან კომპანიები, რომლებიც მთავრობასა და მწარმოებლებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მუშაობენ კონკრეტულად ამ სახის პროდუქციაზე. სწორედ ასე შეძლეს მათ გადარჩენა. დღეს ამ კონკრეტული ზომის პოლიეთილენის პარკების აკრძალვა გამოიწვევს იმას რომ ეს საწარმოები უნდა დაიხუროს. არ შეიძლება ადგილობრივი წარმოება ყოველი 2 წლის გასვლის შემდეგ ახალი რეგულაციების და გამოწვევების წინაშე დადგეს. რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა იქნება შესაძლებელია ბიოდეგრადირებადი დიდი პარკების წარმოებაც, თუმცა ამ დახმარების გარეშე ფაქტიურად არსებობის უფლება წაერთმევა მცირე მეწარმეებს. სამუშაოს დაკარგავენ იქ დასაქმებული პირებიც. აქ არ არის საუბარი ჩვენს საწარმოზე. ჩვენ მეტ-ნაკლებად გადავლახეთ და მოვერგეთ ახალ რეგულაციებს, თუმცა მცირე საწარმოებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს მცირე ზომის ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაც კი. აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ასეთი რეგულაცია საბოლოოდ აძვირებს მომხმარებლისთვის იმ პროდუქტს, რომელიც ამ პარკშია განთავსებული,“ - ამბობს „აა პლასტის“ იურისტი მელიტა ტყაბლაძე.
ახალი რეგულაციების შემოღებაზე უარყოფითი პოზიციის მიუხედავად მეწარმეები უკვე არსებული კანონის აღსრულების ეფექტიანობის ზრდას მიესალმებიან. მათი განმარტებით, ბაზარზე არსებობენ არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლებიც კანონს უხეშად არღვევენ.
„შეიძლება ითქვას რომ მარეგულირებელი ორგანოები შესაბამისად რეაგირებენ და ძალიან კარგად მუშაობენ. აქტიურად ხორციელდება ინსპექტირებები, თუმცა მაინც არიან კომპანიები, რომლებსაც ფინანსური კუთხით ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმა და შეიძინონ შედარებით დაბალფასიანი პროდუქცია, ვიდრე შეიძინონ ბიოდეგრადირებადი და მასში გადაიხადონ თუნდაც ერთი თეთრით მეტი. ამიტომ ამ ნაწილში სანქციების გამკაცრება აუცილებელია,“ - განმარტავს მელიტა ტყაბლაძე.
ცნობისთვის, 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში შემოწმდა სხვადასხვა სახის პლასტიკის მასალისა და ბიოდეგრადირებადი პარკების გადამამუშავებელი საწარმოები. შემოწმდა 42 საწარმო, რომელთა ინსპექტირების შედეგად დაილუქა 2 049 000 ცალი პლასტიკის პარკი. 2020 წლის ოქტომბერში შემოწმებული 5 საწარმოდან, პლასტიკის პარკების წარმოების ფაქტი დადასტურდა 2 კომპანიაში, რის შედეგადაც დაილუქა 93 450 ერთეული პლასტიკის პარკი. 2021 წლის იანვარში შემოწმდა 36 ობიექტი, დაილუქა - 1 410 388 პარკი და 85 კგ რულონი, პარკის ნიშანდებით (დაუჭრელი).