ბიზნესი
22/10/2021

"9 მთა" წარმოების საქართველოში გადმოტანას და საექსპორტო ბაზრების ათვისებას გეგმავს

„9 მთამ“ ლუდის ფასი 15%-ით გაზარდა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მიზეზი არაერთია, მათ შორის ლარის გაუფასურება და ნედლეულის გაძვირება.

„პირველ ეტაპზე მაქსიმალურად ვცდილობდით ფასები ზრდის მიმართულებით არ შეგვეცვალა, მაგრამ ნედლეულის მნიშვნელოვნად გაძვირების გამო, ამის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. მოგვიწია ფასები დაახლოებით 15%-ით დაგვეკორექტირებინა,“ - აღნიშნა ირაკლი ცინცაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიის გაყიდვების დიდი წილი სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტზე მოდიოდა, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ სტრუქტურა შეიცვალა.

„ჩვენი გაყიდვების დიდი წილი სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტზე მოდიოდა, თუმცა სტრუქტურა შეიცვალა. საცალო ქსელში რეალიზაცია გაიზარდა, ხოლო HoReCa სექტრში შემცირდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, HoReCa სექტორში ჩვენი გაყიდვები გარკვეულ პერიოდში 80%-ზე მეტად შემცირდა. პანდემიამდე კი ყოველწლიურად 60%-იანი ზრდა გვქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვართ „კრაფტ ლუდის“ მწარმოებელი კომპანია, შედარებით მაღალ საფასო სეგმენტში შევდივართ და შესაბამისად, პანდემიამ ინდუსტრიული ლუდის მწარმოებელი კომპანიებზე მეტად დაგვაზარალა. HoReCa სექტორში შემცირებულმა აქტივობამ უფრო დიდი დარტყმა მოგვაყენა ვიდრე ინდუსტრიული ლუდის შემთხვევაში,“ - აღნიშნა ირაკლი ცინცაძემ.

რაც შეეხება კომპანიის საინვესტიციო გეგმებს. პანდემიამ როგორც სხვა სექტორის შემთხვევაში ლუდის ინდუსტრიასაც გეგმები გარკვეულწილად შეუცვალა, თუმცა „9 მთა“ უახლოეს პერიოდში წარმოების სრულად საქართველოში გადმოტანას და ასევე საექსპორტო ბაზრების ათვისებას გეგმავს.

„ბიზნესისთვის რთულია, როცა წინასწარ გათვლილი გეგმით არ მიდიხარ. ჩვენ გვაქვს გეგმები წარმოების საქართველოში გაკეთების, საექსპორტო პოტენციალიც აქვს ჩვენს ლუდს. მიდის ამ მიმართულებებზე მუშაობა, ინვესტრებთან საუბარი და ვფიქრობ, მომავალი წლიდან დავიწყებთ ამის განხორციელებას,“ - აღნიშნა ირაკლი ცინცაძემ.

Businesspartner