ბიზნესი
01/05/2020

25 ანაზღაურებული შემთხვევა – თიბისი დაზღვევის 300 000 ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის

თიბისი დაზღვევამ ამ დროისთვის მედპერსონალის COVID–19-ით დაინფიცირების 25 შემთხვევა აანაზღაურა. კომპანიამ პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში სპეციალური ფონდი შექმნა და COVID-19-ის რისკის ქვეშ მყოფი მედპერსონალისათვის 300 000 ლარი გამოყო.

ყველა ექიმი, ექთანი და სანიტარი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვის და საფრთხის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებისა და საკუთარ ჯანმრთელობას, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევისგან 10 000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას მიიღებს.

მედპერსონალი, რომელიც COVID19-ით უშუალოდ პაციენტისაგან დაინფიცირდება, 4 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს. ლეტალურ შემთხვევაში კი, ოჯახს დამატებით 6 000 ლარი გადაეცემა. თანხა საჭირო საბუთების წარდგენისთანავე გაიცემა.

„ამ რეალობაში ექიმებს გვაკისრია სხვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და ჩვენთვის ყველაზე ფასეული ადამიანების ჯანმრთელობაა. არსებულ ვითარებაში საკუთარ თავზე ექიმები ნაკლებად ვფიქრობთ, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი მისამართით ვგრძნობთ მხარდაჭერას, იქნება ეს მორალური თუ ფინანსური. მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელიც ექიმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნავს, იმიტომ რომ ჩვენ ათასობით ადამიანს ვჭირდებით. თიბისი დაზღვევის ინიციატივა სწორი და დროული იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი და ზოგადად თითოეული ექიმის მნიშვნელობა.“ – დემურ ბარბაქაძე, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომელი.

Businesspartner