ბიზნესი
22/03/2021

2021 წლის ბოლომდე ქართულ აკვატორიას 10 ახალი თევზსაჭერი გემი ეყოლება

2021 წლის ბოლომდე ქართულ აკვატორიას 10 ახალი თევზსაჭერი გემი ეყოლება, 10-ვე ქართულ მფლობელობაში. ჯამური ინვესტიცია 38 მილიონ ლარს აჭარბებს.

პირველი გემი „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დაფინანსებით თურქეთში უკვე აშენდა, იანვარში ჩამოვიდა და უკვე ოპერირებს, მეორე, ყველაზე მასშტაბური ზომის გემი კი მეწარმეს ივნისში უნდა ჩაბარდეს. საბოლოო ჯამში განხორციელებული ცვლილებების მიზანი ფლოტის განახლება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი აკვატორიიდან მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებაა.

„დიდი ხანია საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი აკვატორია მეტ ეკონომიკურ სარგებელს უნდა იძლეოდეს. ამ მიმართულებით პროცესებში სააგენტოც აქტიურადაა ჩართული. უკვე 10 გემი დავაფინანსეთ, ეს ნიშნავს, რომ ქართველები თავიანთი გემებით შეძლებენ თევზჭერას. პირველი გემი იანვრიდან უკვე ოპერირებს შავ ზღვაში, მეორე გემი თებერვალში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მეწარმემ ზომა 20-დან 28 მეტრამდე შეცვალა, რაც კიდევ უფრო მისასალმებელია. საბოლოო ჯამში წლის ბოლომდე ვიხილავთ ქართულ მფლობელობაში მყოფ ახალ თევზსაჭერ გემებს,“ - განაცხადა „ბიზნესარტნიორთან“ საუბარში სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

შეგახსენებთ, რომ საზღვაო თევზჭერა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიერ მხარდაჭერილ ბიზნესთა ჩამონათვალს გასულ წელს დაემატა. დაგეგმილია, რომ მიმდინარე წელი აკვა და მარიკულტურების პროექტების განხორციელების მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს და ახალი გემებით მეთევზეებმა წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურად ათვისება უნდა მოახერხონ.