ბიზნესი
18/10/2022

16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა

IWSC Wine Judging in Georgia-ს გამარჯვებულები ცნობილია. კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა. კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა.16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.

კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა,  რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ,  ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა,  ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე,  პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია  და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ.

„საქართველოს პირველად 10 წლის წინ ვესტუმრე, ქართულმა ღვინომ ჩამოსვლისთანავე დაიპყრო ჩემი გული, რადგან ის სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს. წლებია ვაკვირდები, რომ ქართული ღვინის ხარისხი და რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მე ბრიტანეთში ვახდენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. 2017 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ინვესტიცია ბრიტანეთში, რამაც 10-ჯერ გაზარდა ქართული ღვინის ექპორტის რაოდენობა. სააგენტო აძლევს ქართულ ღვინოს პოპულარიზაციის შანსს.

კონკურსის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ საქართველოს ამბიცია, რომ ის ოპერირებდეს საუკეთესო ღვინოების ბაზარზე, რეალობასთან ახლოსაა. ჩვენ გვსურს ქართული ღვინის მსოფლიო ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. მედალოსანი ღვინოების ხარისხი და ტექნიკური დახვეწილობა  ისეთივე იყო, როგორც ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებში: იტალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა. თქვენი ძალა სწორედ,  ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია,“ - აღნიშნა სარა ებოტიმ.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს - იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელობას.  კონკურსს ჰყავს  გამარჯვებულები, თუმცა ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩა, რადგან ჟიურის წევრებისგან  ყველა მონაწილეს ინდივიდუალური შეფასებები ელის.

„ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და უპრეცენდენტო შანსი ქართველი მეღვინეებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის მარნებისთვის. კონკურსის მნიშვნელობა აისახა სწორედ იმ აქტივობაში, რაც დაფიქსირდა რეგისტრაციისას. IWSC-ის მიერ შეფასებულ ღვინოებს უყურებს მთელი მსოფლიო, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის ბაიერები. კონკურსის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინო იმკვიდრებს თავის ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენ გვჭირდება კიდევ ბევრი საერთაშორისო დონის კონკურსი და კიდევ მეტი წარმატება,“ - კონკურსის მნიშვნელობასა და ქართული ღვინის  წარმატებაზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

„კონკურსი წარმატებით ჩატარდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მცირე და საშუალო ზომის მარნები. საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოები იყო წარმოდგენილი და მრავალი მათგანი ნამდვილად გამორჩეული იყო. ეს შესაბამისად, შედეგზეც აისახა. ჟიურის, რომელიც ქართულ ღვინოს აფასებდა მსოფლიო დონის მეღვინეები, სომელიეები და ბაიერები წარმოადგენდნენ. ამ დონის კონკურსის საქართველოში ჩატარება, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. მედალოსანი ღვინო კი, წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს,“ - განმარტავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

“საწნახელის” კახა ჭოტიაშვილი, მეღვინე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეჯიბრებები საქართველოში: “პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ასეთი დონის კონკურსები უკვე საქართველოში ტარდება, ეს ძალიან დიდ შანსს აძლევს მეწარმეებს და განსაკუთრებით ისეთ პატარა მარნებს, როგორიც ჩვენ ვართ. ეს შანსია, რომ ქართული მეღვინეობისა და მარნების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს”.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.