15 000-მდე საწოლი და 2000-მდე სასუნთქი აპარატი გვაქვს – ქართული ჰოსპიტლების ჯგუფი
გვაქვს 15 000-მდე საწოლი და 2000-მდე სასუნთქი აპარატი, – პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მონაცემებზე “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე Facebook-ში, თავის გვერდზე წერს.
„სრული მობილიზება და კოორდინაცია იქნება ჩვენი მხრიდან და მზაობა მაქსიმალურად ეფექტურად ვმართოთ პროცესი, თუ საჭირო გახდა, ჩვენი კლინიკების ჩართულობა. გვაქვს 15 000-მდე საწოლი, 2000-მდე სასუნთქი აპარატი. გვყავს კვალიფიცური ექიმები, რომლებიც გაივლიან გადამზადებას. მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ არ დადგება საჭიროება და ძალიან მარტივად მოვერევით ამ ვირუსს სახლებში. ამიტომ უნდა დავრჩეთ სახლში”, – წერს ნინო კობახიძე.
პრემიერი გახარია დღეს 20-მდე კერძო კლინიკის ხელმძღვანელ პირს შეხვდა. შედგა შეთანხმება, რომ სახელმწიფოსა და კერძო კლინიკებს შორის აქტიური კომუნიკაციის რეჟიმი გაგრძელდება და ამ პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.
როგორც შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ძირითად დატვირთვას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები და ამ მიზნით, უკვე მომზადებულია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება. თუმცა, ვინაიდან ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ეტაპზე, შესაძლოა დადგეს დამატებითი საწოლების ფონდის მოძიების აუცილებლობა, რაშიც კერძო სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.