ბიზნესი
13/10/2022

13 ოქტომბერს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე -  IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს, 13 ოქტომბერს, 20:00  საათზე  IWSC -ის კომპეტენტური ჟიური მედალოსან ქართულ ღვინოებს გამოავლენს. კონკურსზე უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს - 150-ზე მეტ კომპანიას შესაძლებლობა აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვოს.

კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური აფასებს, რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს. ჟიურის შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. ასევე ცნობილია IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც, რომლებიც  წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებენ. ესენი არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა,  ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე,  პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია  და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

„მედალოსანი ღვინო წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ბრიტანეთისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს. ღვინის შეძენისას პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მეღვინეებისთვის საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ ნიმუშების ტრანსპორტირება და გაგზავნის პროცედურები, რთული ბარიერია. ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს გამოცდილებას გაუზიარებენ,“ - აცხადებს სარა ებოტი.

“მსოფლიო მასშტაბით არაერთ ღვინის საერთაშორისო კონკურსს ვიცნობთ, თუმცა IWSC გამორჩეულია თავისი მრავალწლიანი ისტორიით. IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს. ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ახალი ტალანტები ღვინის სფეროში, რათა მსოფლიომ გაიცნოს. კონკურსი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა. ჟიურს, რომელიც ღვინოს აფასებს მსოფლიო დონის მეღვინეები, სომელიეები და ბაიერები წარმოადგენენ. კონკურსის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას,“ - აღნიშნავს  IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.

მნიშვნელვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელობას.  კონკურსს ეყოლება გამარჯვებულები, ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩება, რადგან ჟიურის წევრების შეფასებებს ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს.

"საოცარი მოვლენა გველოდება  დღეს, 13 ოქტომბერს  ღვინის სფეროში. ნამდვილად,  წარმოუდგენელი შედეგი გვაქვს, სულ დარეგისტრირდა 487 ქართული  ღვინო, რაც მინიმუმ ორჯერ აღემატება კონკურსის ორგანიზატორების მოლოდინებს. უზომოდ მიხარია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინეთ ჩვენს მეღვინეებს ხმა და გავაგებინეთ, რომ მსოფლიოში ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული კონკურსი ჩამოდის მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის. ორმაგად მახარებს ის ამბავი, რომ დარეგისტრირებულ მეღვინეთა შორის მრავლადაა მცირე და საშუალო მეღვინეობები. მსურს ყველა დარეგისტრირებულ მეღვინეს ვუსურვო დიდი წარმატება, ხოლო ჩვენს ბრიტანელ ჟიურის წევრებს ქართული ღვინოთი აღფრთოვანება,“ - განმარტავს მარიამ გუჯაბიძე.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე.  ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში. 

ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.

კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება  გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში. 

Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.