ტურიზმი
23/01/2023

ზურაბ პოლოლიკაშვილი: UNWTO 2023 წელს მოგზაურობებზე ძლიერი მოთხოვნის შენარჩუნებას ელის

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების დიდი რაოდენობა 2023 წლისთვის პანდემიამდელ დონეს მიუახლოვდა, მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ვიზიტორები ნაკლებ ფულს ხარჯავენ, რაც ეკონომიკურ ამბიციებს ზღუდავს,- წერს Bloomberg-ი.

აღმოჩნდა, რომ ევროპელებისთვის ფასი და სიახლოვე იყო განმსაზღვრელი ფაქტორები 2023 წელს მიმართულებების არჩევისას. 2022 წელს 900 მილიონზე მეტმა საერთაშორისო ტურისტმა იმოგზაურა, რაც 2019 წლის დონის 63%-ია.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ 17 იანვარს გამოქვეყნებული ტურიზმის აღდგენის პერსპექტივის მიხედვით, წელს გლობალური ტურიზმი მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს და მიაღწიოს პანდემიამდელი დონის დაახლოებით 80%-დან 95%-მდე. მაგრამ ამას თან ახლავს გაზრდილი ხარჯები და გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა.

"ეკონომიკურმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ იმოგზაურებენ ადამიანები 2023 წელს, UNWTO მოელის, რომ მოთხოვნა შიდა და რეგიონულ მოგზაურობებზე დარჩება ძლიერი და დაეხმარება სექტორის უფრო ფართო აღდგენას", - თქვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განცხადებაში.