ტურიზმი
19/11/2020

ზამთრის ტურისტული სეზონის ბედი გაურკვეველია

ზამთრის კურორტებზე წლევანდელი სეზონის ბედი კვლავ გაურკვეველია.

მართალია, მთავრობა აცხადებს, რომ "ლოქდაუნი" არ იგეგმება და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუმცა რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე მსჯელობა, ნათია თურნავას თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"ლოქდაუნს“ არ ვაპირებთ, ადაპტაცია უნდა მოვახერხოთ და ვმართოთ ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა ისე რომ ნაკლებად დაზარალდეს ეკონომიკა და ბიზნესი, ამავდროულად მხარი დავუჭიროთ გაჯანსაღების ტენდენციასაც", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავა მოვლენებს არ უსწრებს და აცხადებს, რომ ზამთრის კურორტი ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორია და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კითხვები ჩნდება.

"ამ პირობებში, რამდენად შევძლებთ სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, ეს კითხვა  დღის წესრიგში დგას“, - განაცხადა თურნავამ.