ტურიზმი
26/01/2021

ზამთრის კურორტების გახსნის შემთხვევაში მართვა უმართავი გახდებოდა - ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის უფროსი, ბექა ფერაძე „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ ზამთრის კურორტების ჩაკეტვის მიზეზებს ხსნის.

მისი განმარტებით, თუ ზამთრის კურორტები ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებდა, იქ ხალხის მობილობა გაიზრდებოდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო მისივე მტკიცებით, გარდაცვლილი ადამიანების ტოლფასი იქნებოდა.

„ბაკურიანსა და ზამთრის კურორტებზე, სეზონიდან გამომდინარე ძალიან დიდია ხოლმე მობილობა. რეგულაციებისა და პანდემიის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ისედაც დაიღალა. ფსიქოლოგიურად უნდა, რომ მეტად მოეშვას და გაერთოს. თუ ასეთი ტიპის ზონაში ყველა სახის კომფორტი იქნებოდა, ბუნებრივია, მობილობა ისე გაიზრდებოდა, რაც ფაქტობრივად უმართავი იქნებოდა. ჩვენ მივიღებდით ძალიან ბევრ გარდაცვლილ ადამიანს ამის საპირწონედ“,- აღნიშნა ფერაძემ.

შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა. მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. არ მუშაობს რესტორნები, სპორტული დარბაზები  და სავაჭრო მოლები. შეზღუდვები არ შეეხო სილამაზის სალონებს. 

1-ელი თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, თუმცა, ეს არ ეხება ზამთრის კურორტებს.