WizzAir-მა ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული რეისები განაახლა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა.
პირველ რეისს კრაკოვიდან 133 მგზავრი ჩამოყვა. მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები არიან.
"ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 15 მიმართულებით ასრულებს. რეგულარული ავიაიმოსვლის განახლებიდან, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა,", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 5 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავში, კატოვიცესა და კრაკოვში შეუძლიათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და ახალი მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.