ტურიზმი
23/03/2022

WizzAir-ი ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირ ფრენებს განაახლებს

ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 28 მარტიდან განახლდება.

რეისებს კვირაში ერთი სიხშირით დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air  შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებასა და სიხშირეების ზრდაზე ავიაკომპანიასთან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

ამჯერად საქართველოს მოქალაქეები იტალიაში გამგზვრებას უკვე ტურისტული მიზნებითაც შეძლებენ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF)

კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი.

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან კონსულტაციების შედეგად ავიაკომპანია რომსა და ქუთაისს შორის საჰაერო მიმოსვლას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისშივე აღადგენს. პირველ ეტაპზე ერთი სიხშირით, თუმცა ზაფხულის ტურისტულად აქტიურ სეზონზე სიხშირეების რიცხვი დიდი ალბათობით გაიზრდება. ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირი გზით იტალიის ორ ქალაქში მილანსა და რომში იქნება მოხვედრა შესაძლებელი," - ’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპის 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ასრულებს.