WeHost: ბინების გაქირავება ეტაპობრივად ძველ ნიშნულს უბრუნდება
ფრენების აღდგენის პარალელურად ბინების დღიურად გაქირავებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად ძველ ნიშნულს უბრუნდება.
კომპანია WeHost-ის ინფორმაციით, მარტში საიტის დატვირთულობამ 75%-იან ნიშნულს მიაღწია.
„ჩვენი კომპანია ადაპტირდა პანდემიურ პროცესებთან და შევძელით ახალ მოდელზე გადაწყობა, მოვერგეთ მოთხოვნებს და შიდა ტურიზმს, რამაც გარკვეული აქტივობა შეგვინარჩუნა. ახლა ეტაპობრივად ძველ რეჟიმს ვუბრუნდებით. წინა წლის გათვალისწინებით მარტში ყველაზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. დატვირთულობის მხრივ 75%-ზე ავედით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 70% ამ ჯავშნების უახლოეს პერიოდზე მოდის. წინასწარ ჯავშნების გაკეთება ჯერ-ჯერობით არ ხდება. ამ დროისთვის ძირითადად მოთხოვნა მაინც თბილისზე მოდის, თუმცა ნელ-ნელა აქტივობა იზრდება რეგიონების მიმართულებითაც. ძირითადად ჯავშნები რუსეთიდან და უკრაინიდან გვაქვს,“ - ამბობს WeHost-ის თანადამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე.
ჯავშნების ზრდის პარალელურად პრობლემად რჩება კვლავაც ბინის გაქირავების ფასები.
„პანდემიის დროს თბილისში ბინების ფასები 18-19 დოლარი იყო, ახლა მაჩვენებელი გაიზარდა 26 დოლარამდე, თუმცა ეს მაინც მინიმალური ფასია. პანდემიამდე ფასები 2-ჯერ მეტი იყო. მოთხოვნა იყო პანდემიამდე ყველანაირ ბინაზე სტუდიოთი დაწყებული სამ საძინებლიანით დამთავრებული. ახლა კი როდესაც მოთხოვნა მცირეა და ფასებიც შემცირებული მომხმარებლები უპირატესობას უფრო კომფორტულ ბინის ქირაობას ანიჭებენ, თუმცა საშუალოზე დაბალ ფასად. ეს რაც შეეხება თბილისს. ზამთრის კურორტებზე კი ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ძალიან გვიან გაიხსნა სეზონი და ხარჯების ამოღებას სავარაუდოდ ვერ შევძლებთ. ბაკურიანში უცხოელებისგან არც ერთი ჯავშანი არ ყოფილა, გუდაურშიც თითზე ჩამოსათვლელი იყო უცხოელი ვიზიტორები,“ - განმარტავს ნიკა ანჯაფარიძე.
WeHost-ი Airbnb-ის მენეჯმენტ კომპანიაა საქართველოში, რომელიც მეპატრონეებს Airbnb მენეჯმენტში, ანუ ტურისტებზე ბინის დღიურად გაქირავებაში ეხმარება. WeHost-ის სერვისი გულისხმობს ბინის მართვას, სტუმრების მისაღებად მომზადებას, დალაგებას, სტუმრებთან კომუნიკაციას, ფასების ყოველდღიურ ოპტიმიზაციას.