ტურიზმი
31/05/2021

ტუროპერატორთა ასოციაცია COVID-დაზღვევის შემოღების აუცილებლობას ხედავს

ტუროპერატორთა ასოციაცია სახმელეთო საზღვრების გახსნის პარალელურად მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდას ელის. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე დაინტერესება მინიმალურია, თუმცა მათი პროგნოზით ზაფხულის სეზონის გახსნის პარალელურად ჯავშნების მოთხოვნა გაიზრდება.

ასოციაცია სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის შემოღების აუცილებლობაზეც საუბრობს. ია თაბაგარის აზრით, ეს პროცესი ქვეყანას და ტურიზმის სექტორს დამატებით პრობლემებს აარიდებს თავიდან.

„ტურისტების მოსაზიდად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა სახმელეთო საზღვრების გახსნა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტორია. მეორე მხრივ ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რომ რაიმე დამატებითი რისკები ვირუსის გავრცელების თავიდან ავიცილოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, კოვიდ-დაზღვევაა. ყველა ქვეყანამ ჯერ ეს ვერ ჩამოაყალიბა, მაგრამ ვფიქრობ, ამ საკითხს ჩვენ სასწრაფოდ უნდა მივხედოთ. არ ვართ დაზღვეული რომ ტურისტს ვირუსი არ შეხვდება, ამიტომ თავი უნდა დავიზღვიოთ რისკისგან. თუ ტურისტი დაავადდება მისი მკურნალობის ხარჯები ვიღაცამ უნდა დაფაროს რათა პრობლემები არ შეიქმნას.

ამ ეტაპზე, მაგალითად, ჩემს კომპანიას მეზობელი ქვეყნებიდან დაკვეთები თითქმის არ აქვს. არის რამდენიმე თუმცა ეს ის შემთხვევებია, როდესაც ევროპელი და ამერიკელი ვიზიტორები მეზობელი ქვეყნების მონახულების შემდეგ სახმელეთო გზით გადმოდიან ჩვენთან. იმედი გვაქვს, სეზონის გახსნის პარალელურად ეს რიცხვი გაიზრდება,“ - ამბობს საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი.

შეგახსენებთ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სახმელეთო საზღვრები ხვალიდან იხსნება. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ასევე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.

Businesspartner