ტუროპერატორი: გამყოლების სავალდებულო დაზღვევა ბევრ პრობლემურ საკითხს მოაწესრიგებს
ტურიზმის შესახებ ახალი კანონი სექტორში პროფესიონალიზმის ზრდასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ტურისტული კომპანია paata.ge-ს დამფუძნებელმა პაატა ვარდანაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
ვარდანაშვილმა პროექტის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც მაღალი რისკის ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას და სავალდებულო სერტიფიცირებას გულისხმობს.
კანონპროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებებია: მოგზაურობა ან ფიზიკური აქტივობა, რომელიც ხორციელდება მიწაზე, წყალსა და ჰაერში, სხვადასხვა რელიეფისა და კლიმატური ზონის, უჩვეულო, ეგზოტიკურ, მოშორებულ, დაუსახლებელ, მიუვალ ადგილას ან სპეციალურად მოწყობილ და აღჭურვილ არეალში, რომელიც შეიცავს მომხმარებელთა დაზიანებისა და ტურისტული აქტივობიდან გამომდინარე სხვა საფრთხეებს.
ვარდანაშვილი განმარტავს, რომ საუბარია ალპინისტებზე, მოლაშქრეებზე, სამთო გამყოლებზე, მოტო, ველო, ჯიპტურების, ჯომარდისა და კაიაკინგის სპეციალისტებზე, პარაპლანის სერვისის მიმწოდებლებზე, თხილამურების ინსტრუქტორებსა და გაუკვალავი ტერიტორიების გამყოლებზე. მისი თქმით, ასევე დადებითი ცვლილებაა ამ პროფესიის წარმომადგენელთა სავალდებულო სერტიფიცირებაც.
„სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მაღალი რისკის შემცველი ტურების დროს დაშავებისა და უბედური შემთხვევები არაერთხელ მომხდარა. ამიტომ, კანონი, რომელიც ახლა მიიღება, ამ კუთხით უსაფრთხოების მეტ გარანტიას ქმნის. განსაკუთრებით გამოვყოფდი დაზღვევის ნაწილს. მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როცა პარაპლანისტი დაშავდა და გვთხოვა, არავის ეთქვა, რომ ის ფრენის დროს დაზარალდა, რადგან ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია მის მკურნალობას არ დააფინანსებდა. მსგავს შემთხვევებს ეს კანონი მოაწესრიგებს,“ - განაცხადა ვარდანაშვილმა.
„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებაა.
პროექტის თანახმად, სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობა პერსონალის სერტიფიკატისა და/ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500- დან 1000 ლარამდე ოდენობით. ეს ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 -დან 2000 ლარამდე ოდენობით.
ავტორების თქმით, კანონპროექტი აწესრიგებს ტურისტულ საქმიანობას, განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებებსა და გარანტიებს, ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებს,ტურიზმის სფეროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის მექანიზმებს, ტურისტის უსაფრთხოებასა და ტურისტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მათივე შეფასებით, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მოქმედი კანონი, რომელიც 1997 წელს არის მიღებული, ვერ პასუხობს ტურიზმის სექტორში დღეს არსებულ გამოწვევებს.
კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია ეტაპობრივად, 2024 წლის პირველი ივნისიდან. სავალდებულო დაზღვევის კომპონენტის ამოქმედება პირველივე ეტაპზე იგეგმება.
ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორში რეფორმა მიმდინარეობს. მუშავდება ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლიბის მიმართულება ახლებურად დარეგულირდება.