ტურიზმის სექტორი მინიმუმ $2.1 მლრდ დაკარგავს
2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა Galt&Taggart-ის საბაზისო სცენარით 65%-ით შემცირდება, რაც სექტორისთვის 2.1 მლრდ აშშ დოლარის დანაკარგს ნიშნავს.
საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ 2021 წელს გაჯანსაღების ტემპი Covid-19-ის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
G&T ვარაუდობს, რომ ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი აჭარას, შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთს და თბილისს მიადგება.
საინვესტიციო კომპანიის ტურისტული ინდუსტრიის გამოკითხვის მიხედვით მოლოდინები პესიმისტურია და სექტორი ხანგრძლივი კრიზისისთვის ემზადება. ვიზიტორთა მოსალოდნელი კლების გამო სასტუმროები განახლებულ სტრატეგიას ამზადებენ, თუმცა გამოკითხვის მომენტში ფასების მკვეთრად შემცირებას არ გეგმავდნენ.
"შიდა ტურიზმი მნიშვნელოვანია კრიზისის შესამსუბუქებლად, მაგრამ საქართველოში ადგილობრივი ტურისტების წილი სასტუმროებში მხოლოდ 26%-ია. პოსტ-კრიზისულ პერიოდში მოსალოდნელია ტურისტების ეტაპობრივი დაბრუნება. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მეზობელ ქვეყნებზე, საიდანაც ვიზიტორების უმეტესობა საქართველოს საკუთარი ავტომობილით სტუმრობს", - ნათქვამია კვლევაში.
ამავდროულად საინვესტიციო კომპანია აღნშნავს, რომ მთავრობის დახმარება - 200 მილიონი ლარის ანტიკრიზისული პაკეტი - არასაკმარისია კრიზისის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
"სექტორისთვის ყველაზე პრობლემატური საბანკო ვალდებულებების მომსახურებაა. ჩვენი შეფასებით, სექტორი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში საჭიროებს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას“– ამბობებნ Galt&Taggart–ში.