ტურიზმი
24/07/2023

"ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს მარეგულირებლის ფუნქცია ემატება" - დავით სონღულაშვილი

პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ტურიზმის შესახებ ახალი კანონის მისაღებად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა და ეს პროცესი შემოდგომაზეც გაგრძელდება.

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ განუცხადა,  ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს მარეგულირებლის ფუნქცია ემატება, რათა სექტორში მაქსიმალურად მოხდეს ხარისხის გაკონტროლება.

მისი განმარტებით, სექტორი განვითარების თვალსაზრისით ძალიან მზარდია. სერვისის გაუმჯობესების მიზნით კი საჭირო გახდა კანონპროექტზე აქტიური მუშაობა.

„კანონპროექტის მიღების შედეგად, სექტორში მიდგომები შეიცვლება და მომხმარებელთა უფლებების მეტად დაცვაზე იქნება ორიენტირებული.  

მომხმარებლის უფლებების გარანტირებულად დაცვა, სექტორს ხარისხობრივად გააუმჯობესებს, რაც საქართველოში ჩამოსულ თითოეულ სტუმარს გარანტიას მისცემს, რომ ხარისხი და მოლოდინი ერთმანეთის შესაბამისი იქნება," -აცხადებს სონღულაშვილი.

მისივე თქმით, ტურიზმის შესახებ ძველი კანონი ვერ აკმაყოფილებდა დღევანდელ გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რამაც კანონპროექტზე მუშაობა განაპირობა, რათა ევროპული და ქართული სტანდარტები ერთმანეთს მეტად დაახლოებოდა.

როგორც სონღულაშვილი აღნიშნავს, კანონპროექტის შემუშავება USAID-ის ხელშეწყობით მიმდინარეობდა. სწორედ მათივე მეშვეობით ტურიზმის ალიანსი შეიქმნა,  რომელიც ტურისტული ასოციაციების გაერთიანებას გულისხმობს. მისი ცნობით,  ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სხვადასხვა ფორმატების შემუშავებით, თითოეული პარტნიორის ჩართულობას, რაც როგორც მიმდინარე პროცესის, ასევე კანონის ნაწილის მდგრადობას უზრუნველყოფს.  

შეგახსენებთ, უახლოეს მომავალში ტურიზმის სექტორს სრულიად ახალი მარეგულირებელი დოკუმენტი ექნება. ახალი ნორმატიული დოკუმენტის პროექტი, რომელზეც წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას, ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს მოიცავს. თავად ტურისტული სექტორი მარეგულირებელი კანონპროექტის (რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს) გარკვეულ პუნქტებს ეწინააღმდეგება.