ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოზე BAG-ში იმსჯელეს
ტურიზმი და ავიაცია, შიდა და გარე ფრენები, სექტორის საკანონმდებლო ჩარჩო და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეხვედრის მთავარი საკითხები.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ტურიზმის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და მასში არსებული გამოწვევები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განხილული იყო ტურიზმში პოსტპანდემიური აღდგენის დინამიკა, ასევე გაანალიზდა ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები და ის პროგნოზები, რომელიც მიმდინარე წლისთვის არსებობს.
აღსანიშნავია, რომ საუბარი, ასევე, შეეხო საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც დაარეგულირებს, როგორც გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების საკითხებსა და მაღალი რისკის შემცველ ტურისტულ საქმიანობას, ასევე დაიცავს ტუროპერატორებს შესაძლო გადახდისუუნარობისგან.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მხრიდან, გაჟღერდა არაერთი საინტერესო ინიციატივა და მოსაზრება.
„მოხარულნი ვართ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან, რადგან ბიზნეს ოპერატორების მოსაზრებების მოსმენა და დაგეგმვის პროცესში მათი ჩართულობა უზრუნველყოფს ტურისტული სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველს. ამასთან, ადმინისტრაციის გეგმების გაცნობა კომპანიებისთვის მათი მომავალი ბიზნეს აქტივობების დაგეგმვის კარგი შესაძლებლობაა. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც, როგორც ვხედავთ, ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.