ტურიზმი
08/06/2021

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

როგორც ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღავნელის დანიშვნა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს და კონკურსის გამოცხადება ღირსეული კანდიდატურის შესარჩევად უახლოეს პერიოდში მოხდება. 

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ავიაციის სექტორი მჭიდრო თანამშრომლობაში არიან ერთმანეთთან. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებები ერთმანეთთან ჰარმონიზებულად მუშაობდნენ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჰყავს საკმაოდ წარმატებული მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ადმინისტრაციას სჭირდება ხელმძღვანელი. ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში გვექნება სიახლეები, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა დეპუტატის მანდატი მიიღო. პარლამენტიდან კი მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

ამ დროისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.

Businesspartner