ტურიზმის ადმინისტრაცია წელს პოზიტიურ შედეგებს ელის
ტურიზმის ადმინისტრაცია 2022 წელს კარგ შედეგებს ელის.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების აღდგენის კოეფიციენტი 48.5%-ს შეადგენს.
"2019 წელთან მიმართებით, 2022 წლის მარტის თვეში, ტურისტების რაოდენობის აღდგენამ 48 % შეადგინა, რაც ძალიან პოზიტიური შედეგია. ეს არის იმ მრავალი აქტივობის რეზულტატია, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირებისათვის განვახორციელეთ. სრული სურათი რომ დავინახოთ იანვარი-მარტის პერიოდში აღდგენის დინამიკა ტურისტების რაოდენობის კუთხით 52%-ს აღწევს, რაც ძალიან იმედის მომცემია და წელს კარგი შედეგი გვექნება", - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში საქართველოში 211 484 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან 34.1%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 188 354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა კი 37.1%-ია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 159 199 შეადგინა, რაც +107,944-ით მეტია 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი 48.5%-ია.