ტურისტული ბიზნესი მთავრობას მთის კურორტებისა და საბაგიროების ამუშავების თხოვნით მიმართავს
ტურისტული ბიზნესი მთავრობას თხოვნით მიმართავს, რათა მთის კურორტებისა და საბაგიროების ამუშავების საკითხი განიხილონ, - სექტორის წარმომადგენლებმა ოფიციალური წერილით მთავრობას უკვე მიმართეს.
სამთო-სათხილამურო კლუბ "გუდაურას“ ხელმძღვანელის თქმით, მათ შემუშავებული აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა იმუშავონ საბაგიროებმა, სამთო-სათხილამურო ინვენტარის გაქირავების პუნქტებმა და სათხილამურო ინსტრუქტორებმა ყველა რეგულაციის დაცვით.
"ვფიქრობთ, საბაგიროების ფუნქციონირება არათუ გაამწვავებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას პირიქით, განმუხტავს მას. მოგეხსენებათ, რომ ბაკურიანსა და გუდაურში მრავლადაა აპარტამენტები, საკუთარი ბინები აქვთ ადამიანებს და ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ დატვირთულია კურორტები, ანუ კურორტზე მობილობა გვაქვს. თუ ჩავრთავთ საბაგიროებს, ამით კურორტსა და დაბას განვმუხტავთ. ბაკურიანის შემთხვევაში სათხილამურო არეალი 7-ჯერ დიდია დაბასთან შედარებით, გუდაურის შემთხვევაში კი 10-ჯერ დიდია. შესაბამისად, ხალხს თუ გეოგრაფიულ არეალში გავშლით, რისკები ბევრად ნაკლები იქნება. შარშანდელი სეზონი ჩაგვივრდა. გაკოტრების პირას ვართ. ძალიან გაგვიჭირდება ამ ვითარებაში მომზადება შემდეგი სეზონისთვის“ – განაცხადა შალვა აბრამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების ფუნქციონირება იკრძალება.