"ტურისტულ კომპანიებს გვაქვს შესაძლებლობა ტურები ₾600-700-დან გავყიდოთ"
ტურისტული კომპანია "ვოიაჟერ 365"-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ 2022 წელი შეაჯამა და 2023 წლის მოსალოდნელ ტენდენციებზე ისაუბრა.
როგორც ქუცნიაშვილმა აღნიშნა, რეალურად, 2022 წელი იმაზე უფრო უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. გასულ წელს ტურიზმის სექტორი პანდემიამდელ პერიოდს დაუბრუნდა.
„ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი 2022 წელს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ გასულ წელს საკმაოდ მოთხოვნადი იყო თურქეთი, წელს კი ქართველი ტურისტების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით გადინება ხდება. მათ შორის, საკმაოდ მოთხოვნადია ევროპა, აზია, მათ შორის, დუბაი, ეგვიპტე.
რაც შეეხება ტურისტულ პაკეტების ღირებულებას, ქუცნიაშვილი განმარტავს, რომ 2022 წელს კომპანიებს ოპერირება შედარებით გაზრდილი ფასებით უწევდათ, თუმცა, მიმდინარე წლის ტენდენციით, ფასები ეტაპობრივად რეგულირდება და წელს უკვე შესაძლებელია დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობა.
„პირობითად, ტურისტულ კომპანიებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ დაახლოებით 600-700 ლარიდან შევთავაზოთ ქართველ დამსვენებელს სხვადასხვა მიმართულება. ამის საშუალებას სასტუმროების და ავიაკომპანიების დაბალანსებული ფასები გვაძლევს,“-აცხადებს ქუცნიაშვილი.
2022-2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე ბიუჯეტურ მიმართულებებად კი „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი თურქეთს, ავსტრიას, უნგრეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ასახელებს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებებზე მოგზაურობა 700 -1000 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
როგორც ქუცნიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე ფასების ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება არც ავიაბილეთებზე.
„რეალურად, საავიაციო საწვავის ფასმა შეიძლება მოიმატოს, თუმცა, გასულ პერიოდს რომ შევადაროთ, შეიძლება ძალიან მარტივად დაბალანსდეს, რადგან მიმდინარე წელს ლარის კურსი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში , ვიდრე ეს იყო ერთი ან ორი წლის წინ.
აქედან გამომდინარე, საწვავის ზრდის მიუხედავად, შესაძლოა, რომ ლარში ტურისტული პაკეტის ღირებულება იდენტური დარჩეს, ანუ იმდენი, რაც იყო საწვავის გაძვირებამდე,“-აცხადებს ქუცნიაშვილი.