“ტურისტები ისეთ ქვეყნებს აირჩევენ, სადაც ხალხი აცრილია“ - ტუროპერატორთა ასოციაცია
საქართველოში ტურისტები უკვე გამოჩნდნენ, თუმცა მათი რაოდენობა წინა წლებთან ძალიან დაბალია.
როგორც ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქვეყანაში ძირითადად უკვე კოვიდვაქცინირებული ტურისტები შემოდიან. ქვეყანას ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, აგრეთვე არაბული ქვეყნებიდან და რუსეთიდან სტუმრობენ. ამ ეტაპზე არ არის სტატისტიკა, ტურისტები რომელ რეგიონებს უფრო ირჩევენ, თუმცა ისინი მცირე რაოდენობით არიან თბილისში, აგრეთვე კახეთში, ყაზბეგში. აჭარაში უფრო აქტიურად.
“ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დაბალია და ცუდი ის არის, რომ ქვეყანა მარკეტინგში მოიკოჭლებს. 2021 წლისთვის, როგორც ზაფხულისთვის, ისე შემოდგომისთვისა და ზამთრის სეზონისთვის მიზნობრივი ჯგუფები არ გვაქვს ჩამოყალიბებული. რამდენიმე დღის წინ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რეგულაციები მოხსნა. ეს ყველას უნდა გვცოდნოდა, რათა მარკეტინგული ძალისხმევა იქით მიგვემართა და ეს ხალხი საქართველოში მოგვეზიდა. მაგრამ, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ისინი ისეთ ქვეყნებს აირჩევენ, სადაც ხალხია აცრილი. ჩვენთან, იმის გამო, რომ ვაქცინაციის პროცესი შენელებულია, არ ვართ სახარბიელო სიტუაციაში“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.
რაც შეეხება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში ჩართვას, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ პროცესი დაგვიანებულია.
“რაღაცები დაიძრა, თუმცა დაგვიანებულად მიმაჩნია, რადგან უკვე მაისია და ამ კუთხით ადრე უნდა მოვმზადებულიყავით“,- აცხადებს ია თაბაგარი.
გარდა ამისა, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ რესტორნებს შაბათ-კვირას, თუნდაც ღია სივრცეში მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ე.წ. კომენდანდის საათმა კი, 23:00-24:00 საათამდე გადაიწიოს.