წელს შიდა ფრენებით 70 ათასზე მეტი მგზავრი ისარგებლებს - რომელ მიმართულებებზე იგეგმება რეისების დამატება
შიდა ფრენების მიმართულებით მზადდება დეტალური ტენდერი,რომ გამარჯვებულთან რამდენიმეწლიანი კონტრაქტი გაფორმდეს, რათა დაიფაროს ყველა რეგიონი, სადაც აეროპორტია და, სადაც შიდა ფრენების განხორციელების შესაძლებლობა არსებობს.
ამის შესახებ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შიდა ფრენებზე მოთხოვნა იზრდება და შარშან აეროპორტები 70 ათასამდე მგზავრს მოემსახურნენ, წელს კი ამ მაჩვენებლის გაზრდა იგეგმება.
ირაკლი ქარქაშაზის თქმით, გაერთიანება ყოველთვიურად აკვირდება, რამდენად დიდია მოთხოვნა ამა თუ იმ მიმართულებაზე. სწორედ ამ დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა ივნისსა და ივლისში სიხშირის დამატების საჭიროება ამბროლაურის მიმართულებაზე.
„ვაკვირდებოდით, რომ ამბროლაური ნაკლებად დატვირთული იყო სხვა მიმართულებებთან შედარებით, თუმცა ტენდენცია იცვლება, მოთხოვნა მზარდია და აქედან გამომდინარე, სიხშირის დამატების საჭიროება დავინახეთ. ანალოგიური მიდგომა გვაქვს სხვა აეროპორტებთან. როგორც კი ვხედავთ, რომ მოთხოვნაა ან რამე ღონისძიება იმართება, ამ თარიღთან დაკავშირებით ვამატებთ სიხშირეებს,“ - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი განცხადებით, წელს ემატება კახეთის მიმართულებებიც, რომლის პრეზენტაცია და დეტალები მოგიანებით გახდება ცნობილი.
მისი თქმით, შიდა ფრენები ქვეყანაში სუბსიდირებულია და მისი ბიუჯეტი 8 მილიონი ლარია. სუბსიდირების გარეშე კი შეუძლებელი იქნებოდა ტარიფების დატოვება ხელმისაწვდომ დიაპაზონში.