ტურიზმი
10/06/2023

Tripcamp: მომავალ წელს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ

გლემპინგების დასაჯავშნი მობილური აპლიკაცია Tripcamp მომავალ წელს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა, ხატია სვანაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებით შემოიფარგლებიან, ხოლო მომავალი წლიდან, პირველი ქვეყანა, სადაც მობილური აპლიკაცია გავა თურქეთი იქნება, ვინაიდან ტურიზმის მიმართულებით დიდი და განვითარებული ბაზარია.

ამ ეტაპზე კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქულ მხარესთან.

გარდა ამისა, Tripcamp წლის ბოლომდე ექსტრემალური დასვენების მოყვარულთათვის სივრცეს შექმნის, სადაც ისინი ერთმანეთს გამოცდილებებს გაუზიარებენ.

კომპანიამ GITA-ს 150 ათას ლარიანი გრანტი მოიპოვა და სამომავლოდ ამ თანხის დაბანდებას, აპლიკაციის ფუნქციონალის ტექნოლოგიურად განვითარებისა და მარკეტინგული გააქტიურების მიმართულებით  აპირებს.

„აპლიკაციის ძირითადი მომხმარებლები ქართველები არიან, თუმცა გვქონია შემთხვევა, როდესაც აპი უცხოელსაც  გამოუყენებია.," -აცხადებს სვანაძე.

ცნობისთვის, გლემპინგების დასაჯავშნი მობილური აპლიკაცია Tripcamp ბაზარზე 2022 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და მომზმარებლებს ექსტრემალურ ადგილებში განთავსებული კოტეჯების, გლემპინგებისა და საინტერესო ადგილების დაჯავშნის  საშუალებას აძლევს.

აპლიკაცია ერთმანეთთან აკავშირებს მასპინძლებს, რომლებიც ფლობენ განსხვავებული ტიპის გლემპინგ საცხოვრებლებს და სტუმრებს, რომელთაც უყვართ ბუნებაში დასვენება და სურთ დაუვიწყარი გამოცდილების შეძენა.

 

Businesspartner