ტრანზიტულ ფრენებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს – თამარ არჩუაძე
რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ ტრანზიტულ ფრენებზე შესაძლებელია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, - ამბობს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი თამარ არჩუაძე. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ქვეყნები ფიქრობენ გახსნან მხოლოდ პირდაპირი ფრენები.
“პირველ ეტაპზე ქვეყნები ფიქრობენ, რომ გახსნან პირდაპირი მიმოსვლა. ტრანზიტულ ფრენებთან მიმართებაში შესაძლებელია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, ოღონდ ამასთან დაკავშირებით ისევ და ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რადგანაც არ ვიცით სამომამავლოდ რა იქნება. ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით, რომ მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს”, განმარტავს თამარ არჩუაძე “ტვ იმედთან” საუბარში.
მისივე განმარტებით, გარკვეული კონტურები 15 ივნისისთვის გახდება ცნობილი.
თამარ არჩუაძე ამბობს, რომ რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ “მწვანე ქვეყნებთან” გადაადგილებისას შესაძლოა PCR ტესტის გაკეთება საჭირო აღარ გახდეს.
“მწვანე ქვეყნებთან” მოლაპარაკებების ერთ-ერთი ელემენტი არის ის, რომ ქვეყნები რომლებიც ერთმანეთს უხსნიან საზღვრებს და მიაჩნიათ, რომ “მწვანე ქვეყნები” არიან მაშინ ე.წ. კოვიდ პასპორტი მოთხოვნილი აღარ იქნება”, აცხადებს თამარ არჩუაძე.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ამბობს, რომ 1-ელი ივლისის შემდეგ საქართველოს აეროპორტში “მწვანე ქვეყნებდან” ჩამოსულ მგზავრებს კარანტინში ყოფნა აღარ მოუწევთ.