ტურიზმი
25/06/2020

თიბისი კაპიტალი ბინების გაიაფებას ელის

უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა ნელი ტემპით მიმდინარეობს, - თიბისი კაპიტალი ამას მთავრობის მიერ დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების ამოქმედების მოლოდინით ხსნის. ამავდროულად იმედოვნებს, რომ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და მთავრობის მხარდაჭერის ღონისძებები ტენდენციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სებ-ის ინდექსის მიხედვით, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში ბინების ფასი დოლარში 3.5%-ით შემცირდა. შემცირებას განაგრძობს ქირის ფასი დოლარში, რომელიც, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში 12%-ით იყო
შემცირებული.

თიბისი კაპიტალი მიუთითებს, რომ ქირის ღირებულება ბინის გასაყიდი ფასის ცვლილების წინმსწრები ინდიკატორია, რაც ბინების ფასების კლების გაგრძელების მოლოდინს ქმნის. "შედეგად, ქირის შემოსავლიანობა კლებულობს და თებერვალში
8.7%, აპრილში 8.1% ხოლო მაისში 8.0% შეადგინა და ამჟამად მცირედით ჩამოსცდება მის გრძელვადიან ტრენდს (8.3%)", - აცხადებს საინვესტიციო კომპანია.

რაც შეეხება ბოლო კვირის ტრენდს, 18 ივნისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის წლიურმა კლებამ -41% შეადგინა. იან-თებ პერიოდთან შედარებით კლება -22%-ს შეადგენს.

Businesspartner