თბილისში ბუტიკური ტიპის ახალი სასტუმრო Eleven Inn Tbilisi გაიხსნება
თბილისში გრიშაშვილის ქუჩაზე ბუტიკური ტიპის ახალი სასტუმრო უახლოეს პერიოდში გაიხსნება. Eleven Inn Tbilisi მაღალ სტანდარტზე მოწყობილ 11 ოთახს მოიცავს.
სასტუმროში ასევე იქნება კონცეპტუალური კაფე, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ადგილობრივი ნაწარმი შეიძინონ, მათ შორის ღვინო, ჭაჭა, თაფლი, ჩურჩხელა და ა.შ.
„Eleven Inn Tbilisi-ს გახსნა 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, სასტუმროს გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. ყველაზე რთულ სიტუაციაში ტურიზმის კუთხით დედაქალაქი აღმოჩნდა. ის პირდაპირაა მიბმული საერთაშორისო მიმოსვლაზე და აქ შიდა ტურიზმზე ლაპარაკი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, სასტუმროს გახსნა გადავდეთ. ახლა, როდესაც გამოჩნდა იმედის ნაპერწკალი და მცირე დოზით ტურისტებიც შეინიშნებიან ქალაქში, გადავწყვიტეთ გარისკვა და სასტუმროს გახსნა. პარტნიორებისგან გვესმის, რომ ნაწილი მოგზაურების უპირატესობას ანიჭებს სწორედ ბუტიკური ტიპის მცირე ზომის სასტუმროებს მეტი უსაფრთხოების მოტივაციით. ამ შემთხვევაში, Eleven Inn Tbilisi ზუსტად პასუხობს პანდემიის გამო შეცვლილ მოთხოვნებს: არის მცირე ზომის, ახალი და მაღალ სტანდარტებზე მოწყობილი სასტუმრო, სადაც თავს ნამდვილად კომფორტულად იგრძნობს სტუმარი. სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად პასუხობს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც თავის წილ გავლენას ახდენენ სტუმრის უსაფრთხოებსა და კომფორტზე. სასტუმროში ნომრების სულ 4 კატეგორიაა: Budget Room with Balcony, Standard Room, Standard Room with Balcony da Suite with Balcony. მსგავს პატარა სასტუმროების უმეტესობაში იშვიათია სტანდარტების შესაბამისი სივრცეები, Eleven Inn-ს კი სწორედ ეს გამოარჩევს სხვა ობიექტებისგან, აქ თითოეული დეტალი კარგად დაგეგმილი და გათვლილია," - ამბობს Eleven Inn Tbilisi-ს კონსულტანტი გიორგი დოლიძე.
ობიექტი ადგილობრივი ინვესტიციით გაკეთდა. საინვესტიციო ღირებულება 180 000 დოლარია, სასტუმროში 10 ადამიანია დასაქმებული.