ტურიზმი
02/04/2022

"თბილისი ძველი ქალაქისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავია" - უზბეკი ბლოგერი

უზბეკი ბლოგერები და ფოტოგრაფები საქართველოს მასპინძლობენ.

პრეს-ტურის თერთმეტმა მონაწილემ უკვე დაათვალიერა თბილისი და მცხეთა. ბლოგერები  ანანურს, სტეფანწმინდას, ახალციხესა და ვარძიას ეწვევიან. ტურის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთიდან აჭარაში გაემგზავრებიან და სამთო კურორტ გოდერძის დაათვალიერებენ.

ბლოგერები ესტუმრებიან ქვემო ქართლს, კერძოს დაშბაშის კანიონს და სოფელ ასურეთს.  ტურის განმავლობაში ბლოგერები სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს ატვირთავენ, რომელსაც ათიათასობით მიმდევარი იხილავს. 

„ურის მონაწილეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ათვალიერებენ. ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და კულტურაზე გაკეთდება. ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.

“საქართველოში მხოლოდ ორი დღეა რაც ვიმყოფები, მაგრამ შემიძლია ნებისმიერს ვუთხრა, საქართველო საოცარი ქვეყანაა. თბილისი ძველი ქალაქისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავია. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან კეთილი ხალხით და ძალიან გემრიელი კერძებით. ძალიან მომეწონა ქართული ღვინო. ვაპირებ საქართველოს სხვადასხვა ადგილის დათვალიერებას და ხალხთან გასაუბრებას თუ რას ფიქრობენ საქართველოსა და უზბეკეთზე,“ - ამბობს ბლოგერი ოსკარ ჯალილოვი. 

„ალბათ ყველას უყვარს გემრიელი კერძები და ამ კუთხით საქართველო ნამდვილი სამოთხეა, ულამაზესი ბუნება გაქვთ, ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან მომეწონა თბილისი. მინდა გითხრათ, რომ უზბეკები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ სტუმარ-მასპინძლობის ნამდვილ მასტერკლასს დავესწარით“.- აცხადებს ბლოგერი ხფის უსუფოვი.