ტურიზმი
09/08/2023

თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Indigo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. თბილისიდან დელიში 186 ადამიანი გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ასევე ეწვია ინდოეთის ელჩი ნილაქში სინჰა.

ავიაკომპანია Indigo რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით, საიდანაც 79 - ადგილობრივი, 32 კი - საერთაშორისოა.

შეგახსენებთ, “ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. 

Businesspartner