თამუნა თანდაშვილი: ავიასექტორში ამონაგები განხორციელებული ინვესტიციების პროპორციული არ არის
ექსპერტთა ნაწილი საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარების არსებულ დონეს აკრიტიკებს. ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი, თამუნა თანდაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საავიაციო ინდუსტრიის პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიციების ამონაგები თავად განხორციელებულ ინვესტიციებს არ შეესაბამება.
„ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან კარგი და პოზიტიური ზრდა გვაქვს ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, უფრო მეტი ავიაკომპანიაც შემოდის, მაგრამ ვერ ვხედავთ ზუსტად იგივე პროგრესით საავიაციო მიმართულების განვითარებას. გვაქვს ისევ ერთი ავიაკომპანია, ის აეროპორტები, რომელთა მშენებლობაც დავიწყეთ, აქტიურად დატვირთული არ არის. იგივე ეხება რეგიონალურ აეროპორტებს. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ავიაციას დაუდგა, პირველ რიგში, გლობალური იყო. ქვეყნებმა გამოსავალი ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში დაინახეს. ადგილობრივი ტურიზმის განვითარება იმ ქვეყნებისთვის არის უპრიანი, სადაც ის ზოგადად არის განვითარებული. ჩვენ ამ მხრივ კარგი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, თუმცა გააქტიურებული არ არის. მაგალითად, რაჭა, სადაც ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობა დავიწყეთ, დავასრულეთ, თუმცა არ არის ისეთი აქტიური, როგორი მოლოდინებიც გვაქვს. ჩადებული ინვესტიციების ამონაგებთან პროპორციულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი ტურიზმის მიმართულება განვითარდეს“,- აღნიშნა თანდაშვილმა.