"Starring Georgia საქართველოს ტურიზმისა და საერთაშორისო გასართობი ინდუსტრიის მიმართულებით საზღვრებს გაუხსნის"
"პროექტი Starring Georgia საქართველოს ტურიზმისა და საერთაშორისო გასართობი ინდუსტრიის მიმართულებით საზღვრებს გაუხსნის",- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ „ბლექსი არენას“ პროექტების მენეჯერმა, ციცი იაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თანამედროვე მოგზაურებისთვის პრიორიტეტულია იმ ქვეყანაში მოგზაურობა, სადაც მათი საყვარელი არტისტი კონცერტს მართავს ან ფესტივალი იმართება.
როგორც იაშვილი აღნიშნავს, გარდა ტურისტული ნაკადების მოზიდვისა, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანას კულტურული ცხოვრების გაჯანსაღებისა და თვალსაწიერის გაფართოების პროცესში.
„ბრუნო მარსთან მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულების მიზეზი, imagine dragons-ის რეკორდულ დროში, 7 საათში გაყიდული ბილეთები იყო. კონცერტი ხუთშაბათ დღეს გაიმართება, რაც დამატებითი სტიმული იქნება ამ კონცერტისთვის ჩამოსული მოგზაურებისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღე დაჰყონ.
მოლოდინია, რომ ბრუნო მარსის კონცერტი მომდევნო წლის ვარსკვლავებთან მოლაპარაკებების პროცესში ასევე წამახალისებელი ფაქტორი იქნება,"-განაცხადა იაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ Imagine dragons-ის გაყიდული ბილეთების 20% უცხოელმა მომხმარებლებმა შეიძინეს, შესაბამისად, საქართველოში Starring Georgia-ს პროექტის ფარგლებში 5000-ზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.
იაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი 70 მილიონი ლარიდან თანხის ნახევარი უკვე დაიხარჯა. აქედან დახარჯული თანხის 25-27% ტექნიკურ განახლებას მოხმარდა, რათა საქართველოში ამგვარი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი ყოფილიყო.
მისივე ინფორმაციით, კონკრეტულად, ბრუნო მარსის კონცერტზე 880 ერთეული განათება იქნება დამონტაჟებული.
ცნობისთვის, კამპანია Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება.
Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.