სკურდა, ღომა, ნაკონაღვარი და კიკიბო - მთები აჭარაში, სადაც ტურისტული მარშრუტების მარკირება იგეგმება
აჭარაში მთების, ტყეების, ხეობებისა და სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა იგეგმება. სკურდა, ღომა, ნაკონაღვარი და კიკიბო იმ მთებს შორისაა, სადაც კვლევებზე დაყრდნობით ახალი, გარდამავალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება და მარკირება მოხდება.
ასევე იგეგმება ტურისტულად მიმზიდველი და თემატური სოფლების იდენტიფიცირება და იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, რეწვის ოსტატების და ხეობისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კერძების აღწერა. კვლევა აჭარის რეგიონში მეკლდეურობის განვითარების პოტენციალის შეფასებასაც ითვალისწინებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კვლევის საფუძველზე აჭარის მთებში ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარებას გეგმავს.
ბოლო წლებში, აჭარის მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის კვლევებზე დაყრდნობით, სააგენტომ უკვე შექმნა 5 ახალი ტურისტული მარშრუტი და პროდუქტი, სადაც ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ. მათ შორისაა ქობულეთი-შუახევის გარდამავალი ტურისტული ბილიკი, ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი, კაპნისთავის ტურისტული ბილიკი და კანიონინგი უჩხოს ხეობაში. ტურისტული პოტენციალის კვლევა აპრილში დაიწყება და მაისისთვის დასრულდება.