ტურიზმი
29/03/2023

სიღნაღის სასტუმროს მეპატრონე: ქართველი დამსვენებლები ისტორიული და ღვინის ტურებით არ ინტერესდებიან

სიღნაღის საოჯახო ტიპის სასტუმროები პანდემიის მწვავე ფაზის გადასვლის შემდეგ ტურისტების ზრდის მოლოდინში არიან, თუმცა სასტუმროებში განსხვავებული ვითარებაა: მათ ნაწილს აპრილის ჯავშნები უკვე აქვს, ნაწილი კი მომხმარებლის სიმცირეზე საუბრობს.

სიღნაღში მდებარე სასტუმრო და რესტორნის „ლალის“ დამფუძნებელი ლალი სოზაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში აცხადებს, რომ პანდემიის წლების შემდეგ პირველად, ჯავშნების მკვეთრი მატება უფიქსირდებათ, ძირითადად კი - აპრილისთვის. მისივე თქმით, მომხმარებლებს შორის არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები.

ამასთან, ლალი სოზაშვილი ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლის განსხვავებულ ქცევაზე საუბრობს და ამბობს, რომ კულტურულ და ღვინის ტურებზე, რომლებიც კახეთის რეგიონში მრავალფეროვანია, მოთხოვნა პრაქტიკულად მხოლოდ უცხოელი ვიზიტორების მხრიდანაა, ქართველი დამსვენებლები კი ამ შეთავაზებებით არ ინტერესდებიან.

„ადგილობრივი მომხმარებლები საკმაო რაოდენობით გვყავს და ვერ ვიტყვი, რომ მათ ნაკლებობას განვიცდით, თუმცა ისინი მხოლოდ სასტუმროთი და რესტორნით ინტერესდებიან. ეკლესია-მონასტრების, მუზეუმების დათვალიერების და ასევე ღვინის ტურებში მონაწილეობის და გიდების მომსახურების შეთავაზებაზე თითქმის ყოველთვის უარს ამბობენ. მათი ერთერთი მთავარი კითხვაა, არის თუ არა ნომერში ტელევიზორი, ასევე ინტერესდებიან რესტორანში არსებული სამზარეულოთი, თუმცა კულტურულ და ტურისტულ ღონისძიებებში მონაწილეობას არ იღებენ.  სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა უცხოელების შემთხვევაში, რომლებისთვისაც პრიორიტეტი კულტურული და ისტორიული ძეგლების დათვალიერება და მეღვინეობის კულტურის გაცნობაა,“ - განაცხადა ლალი სოზაშვილმა.

მისი თქმით, ნომრის ღირებულება მის სასტუმროში ერთ ღამეში 80 ლარია. რაც შეეხება ქალაქში არსებულ პრობლემებს, პირველ რიგში ის მიუსაფარი ძაღლების საკითხს ასახელებს და ამ პრობლემისადმი მუნიციპალიტეტის გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ ამ საკითხის მოუგვარებლობა ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ისინი სიღნაღის რიგ უბნებში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

ტურისტების ინტერესის კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა საოჯახო სასტუმრო „მარანში,“ სადაც „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, რომ შეკვეთები ძალიან ცოტაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ სეზონი ჯერ დაწყებული არ არის და არსებულ მოთხოვნაზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022