ტურიზმი
07/07/2022

სერვისი და კადრები - რა გამოწვევების წინაშეა ტურიზმის სექტორი

ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. 

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" აცხადებს, 2019 წელი ტურიზმთან მიმართებაში რეკორდული იყო და მიზანია, ამ მონაცემების აღდგენა, მისი გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნება. 

2022 წელი ოპტიმისტური შედეგებით დაიწყო. 

"მაისის მონაცემებით შემოსავლები 95%-ით აღდგა. ჩვენი მიზანია, ტურისტების ვიზიტების წილი გავზარდოთ. ასევე გავზარდოთ ღამის თევების რაოდენობა, რაც ავტომატურად აისახება შემოსავლებზე", - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა. 

ტურიზმის სფეროში რჩება გამოწვევები, რომელიც რამდენიმე სახეობად იყოფა.

მედეა ჯანიაშვილის თქმით, ეს ეხება სერვისის ნაწილს. 

"ჩვენ ახლა ვართ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში, ამდენად უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სტანდარტის სერვისის დანერგვა", - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა. 

არის ასევე კადრების პრობლემა.  

"ზოგადად პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით განაპირობა, რომ ტურიზმიდან კადრებმა სხვა სფეროში გადაინაცვლეს, საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ ყოფილა. შესაბამისად ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჩვენთვის.  მნიშვნელოვანია ბიზნესთან ერთად მოვახდინოთ იმ აქტივობების დაგეგმვა, რომელიც დაგვეხმარება გრძელვადიან პერიოდში ეს პრობლემა გადაიჭრას", - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.