ტურიზმი
16/05/2022

საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal საქართველოში ოპერირებით დაინტერესდა

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია "Flyadeal" - ის შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

არაბული ავიაკომპანიის ხელმძღვანელ გუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, სადაც განიხილეს საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის დეტალები.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებით ქვეყნის უსაფრთხოების მაღალი დონის, სწორი პოზიციონირების, ოთხსეზონურობის და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტების გამო დაინტერესდა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რამდენიმე დღეში საუდის არაბეთის ავიაკომპანიის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან პირდაპირი ფრენები დაინიშნება.

"აქტიურად ვაწარმოებთ მოსამზადებელ სამუშაოებს ზაფხულის ტურისტული სეზონის სათანადო დონეზე წარმართვისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გვყავდეს მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, მათ შორის, ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal“ - თან, რათა მათ დაიწყონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. საუდის არაბეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, საიდანაც წლების განმავლობაში მრავალი მხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოდის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ავიაბაზარზე უკვე ოპერირებს ერთი ავიაკომპანია FLYNAS საუდის არაბეთიდან,  რომელიც ახორციელებს კვირაში 26 სიხშირით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.

საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადები ზრდადი დინამიკით ხასიათდება. 2022 წელს, საქართველოში 62 პროცენტით მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა 2019 წელთან შედარებით, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ზრდამ 30,848 პროცენტი შეადგინა.