ტურიზმი
02/06/2022

სასტუმრო Quadrum: გუდაურში ტროტუარების არ არსებობა ტურისტს საფრთხეს უქმნის

საგზაო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტროტუარების არარსებობა,ნარჩენების გატანის პრობლემა, მცირე რაოდენობის კვების ობიექტები - ეს ის პრობლემებია, რაც გუდაურში ჩასულ ტურისტს დახვდება.

როგორც გუდაურში მდებარე სასტუმრო Quadrum-ის დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გუდაურში ფაქტობრივად არ არის  ტროტუარები, რაც ტურისტს გადაადგილების დროს უსაფრთხოებას უზღუდავს და საფრთხეს უქმნის.  მისი განცხადებით, საფეხმავლო ბილიკები არ არის არც ძირითად ტრასაზე  და არც მეორეხარისხოვან გზაზე.

„ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანია. ძალიან საშიშია ისე დადიან სატვირთო ავტომანქანები. ხალხს გასეირნება უნდა და ამის საშუალება  არ არის,“-აცხადებს ერისთავი.  

მისივე განცხადებით, პრობლემებია ნარჩენებთან დაკავშირებით.განსაკურებით დისკომფორტს სამშენებლო ნაგავი  პრობლემას ქმნის.

„თოვლი დნება და ნაგავი უკვე თვალშისაცემია, კერძო სექტორი მიმდებარე ტერიტორიების წმენდას ვახორციელებთ, თუმცა, ეს ხომ საერთო სარგებლობის ტერიტორია დაა სრულად მუნიციპალიტეტია პასუხიმსგებელი მის მოვლა-პატრონობაზე,“-აცხადებს ერისთავი.  

რაც შეეხება კვების და გასართობ ობიექტებს, Quadrum-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ზაფხულის სეზონზე ასეთი ობიექტები არის მხოლოდ იქ, სადაც სასტუმროები მუშაობენ. მისივე მტკიცებით, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და ახლაც  გუდაურში ძალიან ცოტა სასტუმრო მუშაობს.

 „გუდაური მაინც უფრო ზამთრის კუროტია და არ მუშაობენ, თუმცა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. როდესაც სასტუმრო მუშაობს,მისი 3-4 თვით გაჩერება ნიშნავს ყველაფრის თავიდან დაწყებას,“-აცხადებს ირაკლი ერისთავი.

მისივე განცხადებით, გუდაურში ზაფხულის სეზონისთვის ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. თუმცა, არის ისეთიც, რომელიც გაკეთდა და ამის შესახებ ხალხმა არ იცის, პიარი არ აქვს გაკეთებული. მაგალითისთვის ერისთავს ველოტრასები მოჰყავს, რომელიც გაკეთდა და ამის შესახებ ინფორმაცია ბევრს არ აქვს.  

11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა, მონოლითისგან დამზადებული მეორე სასტუმრო კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე სასტუმრო ტურისტების მხრიდან დიდი აქტივობით გამოირჩეოდა. სასტუმროს ძირითადი სტუმრები უცხოელები იყვნენ.

ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით 3-4 მილიონი  ლარი დაჯდა. ამ დროისთვის 3000 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე  განთავსებული  ხის კონტეინერები უმაღლესი ხარისხის ხისგანაა აწყობილი და მინუს 40 გრადუს სიცივეზეა გათვლილი.